გიორგი მარგველაშვილი - ჟენევის ფორმატი უნდა გააქტიურდეს

გიორგი მარგველაშვილი - ჟენევის ფორმატი უნდა გააქტიურდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გააქტიურდეს. 

როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკის გააქტიურება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მარგველაშვილმა ახალ ფორმატზეც გააკეთა მინიშნება, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააერთიანებს.

"ჟენევის ფორმატმა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს. ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე. ეს სიტუაცია, რამდენადაც ცუდად უნდა ჟღერდეს, გვაძლევს კიდევ უფრო მეტად ამ თემის გააქტიურების შესაძლებლობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2008 წლის ექოა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და იგივე პრობლემა აქვს მოლდოვას. "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომელთაც გადადგეს მტკიცე ნაბიჯი თავისი სრულიად კანონიერი უფლებიდან გამომდინარე და რომელთაც შეექმნათ პრობლემები, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაერთიანდნენ სამმხივ ფორმატში და მე ვგეგმავ ამ მიმართულებითაც გააქტიურებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებთან შეხვედრას, მარგველაშვილის თქმით, "ჩვენ მზად ვართ შესახვედრად, თუ ეს შეხვედრა იქნება იმ თემებზე, რომელიც ეხება საქართველოსა და რუსეთს". "საქართველო არის რუსეთის აგრესიის ქვეშ. საქართველო არის ოკუპაციის და მისი ტერიტორიის ანექსიის საშიშროების წინაშე", - განაცხადა მარგველაშვილმა და კითხვაზე, ამ მწვავე თემების განხილვის შემთხვევაში მზადაა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს, განაცხადა, რომ "ბუნებრივია".