ხელისუფლების ყველა შტო აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმების საკითხზე ერთსულოვანია

ხელისუფლების ყველა შტო აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმების საკითხზე ერთსულოვანია

სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, აფხაზეთს აქვს ორი არჩევანი - გაუჩინარება და ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში ევროპაში ინტეგრაცია.

როგორც პეტრიაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჰგონია, რომ აფხაზი ძმები ამას თავადაც ძალიან კარგად ხედავენ.

"პირველი, რაც ამ შეხვედრიდან გამოჩნდა და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი არის ერთსულოვანი და გაერთიანებული იმ ურთულესი საკითხის გადაჭრის ირგვლივ, რომელიც ეხება აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას და რომელიც რეალურად რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ მაია ფანჯიკიძისა და პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციები, ასევე, ძალიან აქტიური მსჯელობა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან მიმართებაში ჩვენს შეთავაზებებს, არჩევანი არის გაუჩინარებასა და ერთიანი, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში, ევროპაში ინტეგრაციას შორის, მე მგონი, ამას ჩვენი ძმები ძალიან კარგად ხედავენ", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეთანხმდა, რომ ყველა მომავალი გეგმა პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კოორდინირებულად დაისახება.