ჩვენ ვთავაზობთ მომავალს აფხაზებსა და ოსებს

ჩვენ ვთავაზობთ მომავალს აფხაზებსა და ოსებს

დღეს პირდაპირ ეთერში საუბარი კონკრეტულად სახელმწიფოებრივი მოწყობის დეტალებზე, შესაძლებელია, არაადეკვატური იყოს, ჩვენ ვთავაზობთ მომავალს აფხაზებსა და ოსებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც მან უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამა.

"ჩვენ დღეს რასაც მივაღწიეთ, ეს არის კოორდინირებული მოქმედება, პრეზიდენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის, იმისთვის, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ ურთულესი გარემოს პირობებში, როდესაც გადაიდგა კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, აფხაზობის იდენტობის საწინააღმდეგოდ, აფხაზობის, როგორც საქართველოს შემადგენელი ენდემური ჯგუფის უფლებების საწინააღმდეგოდ და შევთანხმდით ამ ვითარებიდან გამოსვლის ნაბიჯებზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა განხილული შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი წინადადება აფხაზებისა და ოსების მიმართ, მარგველაშვილის თქმით, "შესაძლებელია დღეს პირდაპირ ეთერში საუბარი სახელმწიფო მოწყობის მოდელებზე არაადეკვატური იყოს".

"სათქმელი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზობის წინაშე დგება ეგზისტენციალური რიგის კითხვა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ პერსპექტივა, ევროპული მომავალი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის შესაძლებლობა, თავისი იდენტობის გამოკვეთის შესაძლებლობა, ხოლო თუ ისინი არ იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში, ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ დეტალებზე – როგორ, რანაირად, რამდენ ხანში, მაგრამ ფაქტი არის ერთი, პერსპექტივა ამ ეთნოსების საქართველოს ერთობის გარეშე ძალიან დიდი კითხვის ნიშნების ქვეშაა. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, სადაც აფხაზებსაც, ოსებსაც, აქვთ მომავალი, როგორც ეთნოსებს, როგორც ერებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია უკვე დეტალურად ვილაპარაკოთ რა სახელმწიფოებრივ მოწყობის პერპექტივაზე შეიძლება შევთანხმდეთ. ამოსავალი უნდა იყოს ერთი – ქართველებს გვინდა, გვჯერა ერთიანი, ევროპული, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, სადაც აფხაზებიც და ოსებიც ევროპაში ივლიან ვიზის გარეშე. დეტალები, ბუნებრივია დასამუშავებელია, ძალიან ბევრი წინადადება შეიძლება იყოს, ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ ლაპარაკის სურვილი უნდა გაჩნდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.