ომბუდსმენისთვის ფარული მიყურადებისას ინფორმაციის მოპოვების კონტროლზე გადაწყვეტილების გადავადება მიუღებელია

ომბუდსმენისთვის ფარული მიყურადებისას ინფორმაციის მოპოვების კონტროლზე გადაწყვეტილების გადავადება მიუღებელია

სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ფარული მიყურადებისას ინფორმაციის მოპოვების კონტროლის მექანიზმის თაობაზე გადაწყვეტილების გადავადების ინიციატივა. 
ამასთან უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არსებულ დროში გათვალისწინებული იქნება სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომედაციები და "საქმე არ მივა, უკიდურეს ნაბიჯამდე, პრეზიდენტის ვეტომდე". 
ომბუდსმენის განცხადებით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 1-ელ აგვისტოს, კანონის შესაბამისად, პარლამენტს 1-ელ ნოემბრამდე უნდა უზრუნველეყო ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის განსაზღვრა და საკანონმდებლო რეგულაციების მიღება. 

"ამ მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ჯგუფმა 24 სექტემბრამდე რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომელიც შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქმეების განხილვას ეთმობოდა. გაიმართა კონფერენციაც ევროსაბჭოს ექსპერტთა მონაწილეობით, სადაც ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია შს სამინისტროს ხელში ე.წ. გასაღების არსებობა. სამწუხაროდ, კონფერენციის შემდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა არ გამართულა და კანონპროექტის ინიცირება მისი გვერდის ავლით მოხდა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ცვლილებების შემუშავების ვადის გადაწევა "სრულყოფილად დამუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების" მოტივით რამდენიმე მიზეზის გამო. 
"1 აგვისტოდან დღემდე, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი ცვლილებების შესამუშავებლად; ცვლილებების შემუშავებაში პარლამენტს დახმარებას უწევდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები და იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფართო წარმომადგენლობას შეეძლო უზრუნველეყო საერთაშორის სტანდარტებთან შესაბამისი რეგულაციების შემუშავება; საკითხის დარეგულირების 2015 წლის 1 აპრილამდე გადაწევით გრძელდება ის მანკიერი საკანონმდებლო პრაქტიკა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებით დაიწყო და საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა უდევს; საკითხის დარეგულირების გადავადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანის კერძო ცხოვრების სფეროს განეკუთვნება და როგორც უახლოესი წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა დანაშაულთან ბრძოლის, არამედ ადამიანთა შანტაჟის იარაღად", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, გააქტიუროს სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებისას გაითვალისწინოს შემდეგი: ფარული მიყურადების ე.წ. "გასაღები" არ უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში; პროცესის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან არსებობდეს კოლეგიური ორგანო (ე.წ. საბჭო), რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის სფეროში ინფორმაციის დაცულობის ხარისხზე კონტროლს და რომელშიც თანამდებობრივად შევლენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება გადაუდებელი აუცილებლობის დროს პროკურორის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ფარული მიყურადება და აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მოსამართლის მიერ ბრძანების გაცემის შემთხვევაში; სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განხორციელებული ფარული მოსმენის შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება პერიოდულად.

28 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიზანია 2015 წლის 1 აპრილამდე გადავადდეს იმ რეგულაციების შემუშავება, რომლებმაც ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს არამართლზომიერი ჩარევისაგან უნდა დაიცვას.