შალვა შავგულიძე - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის

შალვა შავგულიძე - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით კანონის მისაღებად დათქმული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით სრულყოფილი, დაბალანსებული კანონის მისაღებად 1-ელ ნოემბრამდე დათქმული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, - ასე ხსნის დეპუტატი შალვა შავგულიძე მის მიერ პროექტის მომზადების მიზეზებს, რომლის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოსმენებისას, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მიღების ვადა 6 თვით - 2015 წლის 1-ელ აპრილამდე გადადის. 

"ის, რომ პროექტი ამ დრომდე მიღებული არ არის, არავის ბრალი არ არის. უბრალოდ, დადგენილი ვადა შესაბამისი სამუშაოს გასაწევად საკმარისი არ აღმოჩნდა - ჩატარდა კონფერენცია, დაეგზავნა კითხვები საერთაშორისო ექსპერტებს, ჩამოვიდნენ ისინი, მათი მონაწილეობით ვიმუშავეთ. კითხვები ასევე დაეგზავნა კომუნიკაციის ყველა კომპანიას. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ მათი პოზიცია უნდა იყოს გაზიარებული და ასე შემდეგ. მხარდაჭერილია ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, მაგრამ ეს საკანონმდებლო ინიციატივისთვის საკმარისი არ არის. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. გასათვალისწინებელია, ფინანსური და ტექნოლოგიური საკითხები. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივია, 1-ელ ნოემბრამდე დათქმული ვადა სრულყოფილი, ბალანსირებული კანონის მიღებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ. 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას, ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა აგვისტოში დაამტკიცა. ღიად დატოვებულია საკითხი, თუ ვის უნდა ჰქონდეს წვდომა კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებულ მონაცემებზე – შსს-ს, თუ სხვა ორგანოს. აგვისტოში დადგინდა, რომ პარლამენტს 1-ელ ნოემბრამდე უნდა მიეღო შესაბამისი პროექტი, შეიქმნა მუშა ჯგუფი, თუმცა ასეთი პროექტი მზად არ არის, რის გამოც ვადა 2015 წლის 1-ელ აპრილამდე გადადის. 

ვადის გადაწევის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის თემა იყო.