"სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს , სს "სილქნეტმა" 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, "სილქნეტის" წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. 

"წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და "სილქნეტი" გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა "სილქნეტის" მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, "სილქნეტის" წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დღეისათვის სილქნეტის მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით. დაარსების დღიდან, კომპანია "სილქნეტი" წარმოადგენს ერთ-ერთ სოლიდურ და სანდო რეპუტაცის მქონე კომპანიას ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და უკვე წლებია სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას უწევს უამრავ კორპორატიულ კლიენტს (მათ შორის თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით)", - აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, სილქნეტი მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების თანახმად, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.