ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა წულუკიანმა პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა წულუკიანმა პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს

პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ყვარელწყალთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრის გახსნას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და პანკისის ხეობის მოსახლეობა დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა პანკისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"ეს არის კიდევ ერთი დაპირება, რომელიც შევასრულეთ და რომელზეც ქალბატონი წულუკიანი მუშაობდა 24 საათის განმავლობაში. მე ვიცი, რომ აქამდე პანკისის ხეობაში დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურების მიღება; მაგალითად, პირადობის მოწმობების აღება, მიწების დარეგისტრირებისა და სხვა სერვისების მისაღებად თქვენ დიდი მანძილის გავლა გიწევდათ. დღეიდან ეს დაბრკოლება აღარ გექნებათ. თქვენ უკვე აქვე, ამ ადგილას, ამ ლამაზ შენობაში, თქვენს სახლთან ახლოს, მოგემსახურებიან და მიიღებთ ყველა სახელმწიფო სერვისს. თქვენ ისარგებლებთ, დაახლოებით, 200 სერვისით, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი სერვისები და მომსახურება აუცილებლად იქნება ხარისხიანი. ასეთი ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ცხოვრების პირობები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თქვენი ყოველი პრობლემის სიმძიმე ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ კიდევ მრავალ გეგმას განვახორციელებთ ხეობაში, არაერთ პრობლემას გადავჭრით და თქვენ სულ უფრო დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ. ხელისუფლება თქვენ გვერდითაა", − განუცხადა პრემიერ-მინისტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხეობის წარმომადგენლებს ადგილზე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ.

დუისის საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.

საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" პროექტის − "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" − ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საზოგადოებრივი ცენტრის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი არის სივრცე, აღჭურვილი თანამედროვე მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით, სადაც დასაქმებულია საგანგებოდ შერჩეული ადგილობრივი კადრები, რომლებიც გასცემენ სახელმწიფო სერვისებს (სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შპს "მექანიზატორისა" და სხვა უწყებების პროდუქტებს). გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.

სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრების ფუნქციაა, შეასრულოს მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. აღსანიშნავია, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვთ, საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის; მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 12 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს შემდეგ სოფლებში: სართიჭალა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ჭალადიდი (ხობის მუნიციპალიტეტი), რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი), ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), შაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ნიგოითი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) და შორაპანი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით 2013-2014 წლებში 91 133 საჯარო სერვისი გაიცა.

წლის ბოლომდე დამატებით ოთხი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში.