"ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების ვადის გადაწევას მხარს არ დაუჭერენ

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები" პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების ვადის 6 თვით გადაწევას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისი განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, 1 ნოემბრამდე არსებული დრო საკმარისი იყო კანონპროექტის მომზადებისთვის. რაც, დეპუტატის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა არ გააკეთა.

"მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო 1 ნოემბრამდე საკითხის დარეგულირება და არსებული პრობლემის მოგვარება. ჯგუფის მხრიდან იყო არასრულფასოვანი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ვადის გადაწევას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ე.წ. გასაღების საკითხზე კანონპროექტის მომზადების გადავადების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის თემაა. როგორც სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სათანადო პროექტი მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე იმიტომ ვერ წარმოადგინეს, რომ სამუშაო ჯგუფის შეკრებას ელოდნენ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორი დეპუტატი შალვა შავგულიძე კი განმარტავს, რომ მას ამ დრომდე ფურცელზე დაწერილი პროექტი არ უნახავს.

პარლამენტში ინიცირებულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების ვადა 1 აპრილამდე გადაიწევს.

კანონმდებლებს პროექტის მოსამზადებლად ვადა 1 ნოემბრამდე ჰქონდათ.