"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "ახალგაზრდული ცენტრი" და "თავისუფალი თაობა" საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" არსებობას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ზურაბ გულორდავას თქმით, საქართველოს ჰყავს ორი მტერი, "ნაციონალური მოძრაობისა" და ოკუპანტი რუსეთის სახით.

"ნაციონალური მოძრაობა" არის შეკრული რუსეთთან. მათი ერთობლივი მიზანია 15 ნოემბერს აქციის ჩატარება. ისინი ცდილობენ, რომ ძალადობრივი გზით მოიპოვონ ხელისუფლება სწორედ რუსეთის დახმარებით. ეს აქცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა", - განაცხადა გულორდავამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია დაფიქსირდეს ქართველი ხალხის ერთობა იმის შესახებ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა აღიქვამს როგორც მეხუთე კოლონას. ორგანიზაციამ დღევანდელ აქციაზე წარმოადგინა იმ ტერიტორიების რუკა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკარგა. ქადაგიძის თქმით, ამ ტერიტორიების დაკარგვა სწორედ სააკაშვილის "დამსახურებაა" და ამაში ბრალი მას მიუძღვის. აქციის მონაწილის ლადო სადღობელაშვილის თქმით კი, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ტერიტორიების გადაცემისთვის სისხლის სამართლის 308-ე მუხლის შესაბამისად უნდა გასამართლდეს.

მისივე თქმით, ისინი ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებენ, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეძლოს თავისი მიზნების ამოქმედება, რომელიც დაგეგმილი აქვთ ოკუპანტ სახელმწიფო რუსეთთან ერთად.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა აღნიშნული ორგანიზაციები 15 ნოემბრის "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მისვლას, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამას არ აპირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.