ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების ვადამ 6 თვით გადაიწია

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების ვადამ 6 თვით გადაიწია

ე.წ. გასაღების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობა აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის საკმარისი ვერ გახდა , - აღნიშნული განმარტება თან ერთვის "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადა 6 თვით 2015 წლის 1 აპრილამდე გადადის.

როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციები საჭიროებს დამატებით დამუშავებას და ანალიზს. საგაზაფხულო სესიაზე მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით პარლამენტს სწორედ 2014 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა ვადა, რომ ფარულ მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმა პარლამენტში წარედგინა, თუმცა ინიცირებული პროექტით ახლა ეს ვადა 6 თვით იწევს. შესაბამისად, შს სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება რჩება, 2015 წლის 1 აპრილამდე ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვების, ტექნიკური შესაძლებობების გამოყენება, სათანადო აპარატურის დამონტაჟება და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობის განთავსების შესაძლებობა.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტის განხილვა ცოტა ხანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში იყვნენ ჩართული.