ვიდეომასალა, რომელიც ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მანამდეც იდო

ვიდეომასალა, რომელიც ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მანამდეც იდო

ის ვიდეომასალა, რომელიც ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მანამდეც იდო. ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის , ლევან ჩაჩუას პროცესის შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა.

"ჰაკიმ ფაშას დაანებეთ თავი, ეს ატვირთა ერთ-ერთმა პიროვნებამ, საქმის მასალებში ისედაც იდო ვიდეო, - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

რაც შეეხება ლევან ჩაჩუას პროცესს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, პროკურორებმა შესავალ სიტყვაში კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ლევან ჩაჩუამ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა. კერძოდ, პროკურორ რევაზ ნადოის განცხადებით, მან სრულად არ ასახა ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრებზე საეჭვო უბნები. წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს დაკავებული ექსპერტი.

როგორც ლევან ჩაჩუამ აღნიშნა, იგი არსებითი განხილვების მანძილზე დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობებს. შესავალ სიტყვაში ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განაცხადა, რომ ბრალდება გამოგონილი და დაუსაბუთებელია და საეჭვო უბნები, რომელზეც პროკურატურა ამახვილებს ყურადღებას, პროკურორ რევაზ ნადოის ფანტაზიის ნაყოფია.

ლევან ჩაჩუას საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 5 ნოემბერს, 15.00 საათზე გაგრძელდება. სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით განახლდება. საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს.