ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე მამუკა ღლონტი კომენტარს არ აკეთებს

ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კომენტარს არ აკეთებს. როგორც ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟურნალისტების მხრიდან არხის დატოვების, ასევე ზოგადად ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებაზე "ვერაფერს ვერ იტყვის".

კიდევ ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით კი, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. "მე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მომმართეთ", - აღნიშნა კიკაბიძემ.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის დიანა ტრაპაიძემ, თეონა გოგელიამ, მაკა ცინცაძემ, სოფო ზურბიანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ამასთან, არხიდან წასვლის შესახებ თავისი პოზიცია გამოხატა თეონა გეგელიამ. ”თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა "მაესტროში" მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან”,-წერს ჟურნალისტი.

ერთ-ერთი ინფორმაციით, არხიდან ჟურნალისტების წასვლა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.