განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს. დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ , სადაც მთავარ სიახლეს მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის შემოღება წარმოადგენს.
საკომიტეტო განხილვა სამინისტროს წარმომადგენლებსა და კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დებატებით დაიწყო, რადგან განათლების სამინისტრო და კომიტეტი ამ მიმართულებით ერთიან პოზიციაზე ვერ ჯერდებიან. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დისკუსიაში ჩართვა და კითხვების დასმის სურვილი პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. მათ შორის იყო 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ტარას შავშიშვილი. მათ მცდელობას, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია გამოეხატათ და კითხვა დაესვათ, კომიტეტის წვერების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებასაც.
დეპუტატებმა პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ დაეტოვებინათ საკომიტეტო მოსმენა და მიტინგი 15 ნოემბერს გაემართათ.
კომიტეტის წევრებმა მათი პარლამენტში მისვლა პროვოკაციის მოწყობის მცდელობად შეაფასეს. პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს. ამ წუთებში განათლების კომიტეტი კანონპროექტის განხილვას განაგრძობს. დისკუსია კვლავ სამინისტროსა და კომიტეტის წევრებს შორის გრძელდება.