"რა ურჩევნია მოსახლეობას, 300-მილიონიანი პარლამენტის შენობა თუ სოფლის დახმარების პროგრამები?"

როგორც პრემიერ-მინისტრმა დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნისას განაცხადა, წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტის შენობაზე 360 მლნ ლარი დახარჯა, "ქართულმა ოცნებამ" კი ამდენივე თანხა ხალხისკენ მიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა, ეს თანხა კი "მოსახლეობაში წავიდა". პრემიერმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა უნივერსალურია და მას ყველა წარმატებულად მიიჩნევს. ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში 300 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"მინდა, ვკითხო მოსახლეობას: რა ურჩევნია, 300-მილიონიანი უფუნქციო, არაეკონომიური პარლამენტის შენობა ქუთაისში თუ ეს სოფლის დახმარების პროგრამები? 360 მილიონი გადაიხადა სააკაშვილმა პარლამენტში, ჩვენ 300 მილიონი დავხარჯეთ მოსახლეობისთვის, ხალხისთვის, სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული 300 მილიონიდან, 107 მილიონი ლარის სასუქი დარიგდა, 48 მილიონის შხამ-ქიმიკატები, 54 მილიონის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი; გაიცა 490 მილიონი ლარის კრედიტი, რომლითაც 21 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში 800 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა სოფლის მეურნეობაში.

"ეს თითქოს არაფერია, ამაზე არავინ საუბრობს, ჩვენს ოპონენტებს ეს არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ხომ აისახება თითოეულ ოჯახზე?", - განაცხადა პრემიერმა.