მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მშენებლობა დაიწყო

მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მშენებლობა დაიწყო

დღეს, მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრის მეორე შენობის მშენებლობა დაიწყო. ახალი ცენტრის მშენებლობა სამინისტროსა და  მთავრობის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში თავშესაფრის სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი დაესწრნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლადს გარდაბნის საპატიო მოქალაქის  წოდება მიანიჭა.  

მსოფლიოში გამწვავებული კონფლიქტებისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკის მუდმივი განვითარების ფონზე,   საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს, საერთაშორისო დაცვის მისაღებად, საქართველოს 1400-მდე უცხოელმა მომართა. მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ახალი ცენტრი სამინისტროს საშუალებას მისცემს, გაზარდოს თავისი შესაძლებლობები თავშესაფრის მაძიებელთა მიღების კუთხით.

ამ ეტაპზე მარტყოფში უკვე არსებობს თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრი, სადაც დროებითი თავშესაფრით 60-მდე ადამიანია უზრუნველყოფილი. ცენტრი სამი განყოფილებისგან შედგება: ოჯახებისთვის, მარტოხელა ქალებისთვის და მამაკაცებისათვის. ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია ფეხბურთის სტადიონი და  გასართობი კუთხე ბავშვებისათვის. ბენეფიციარებს, შესაძლებლობა აქვთ,  სპეციალური კურსების საშუალებით,  ქართული ენა შეისწავლონ.

მიღებისა და განთავსების ცენტრის ახალი შენობა, არსებულის მსგავსად, მოეწყობა და აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  საქართველოში ახალი მიღებისა და განთავსების ცენტრის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

მარტყოფის ახალი ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა სრულად არის დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის მიერ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამინისტროს შესაძლებლობა ექნება, დამატებით, მინიმუმ 50 ადამიანი უზრუნველყოს დროებითი თავშესაფრით.