ბარაქ ობამა უკრაინას არჩევნების ჩატარებას ულოცავს და რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს

ბარაქ ობამა უკრაინას არჩევნების ჩატარებას ულოცავს და რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინას საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებას ულოცავს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერას ქვეყანის აღმოსავლეთით კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ამავდროულად, ობამამ რუსეთსა და პრორუს სეპარატისტებს დააკისრა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ უკრაინის ბევრმა მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

"მოუთმენლად ველოდებით ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებას და ახალი მთავრობის ფორმირებას. ამერიკა მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინელი ხალხის არჩევანს და ქვეყნის ახალ მთავრობას, რადგან ის ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის, კანონის უზენაესობის გამყარებასა და უკრაინაში ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისთვის", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერას, რადგან ამას მივყავართ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის დარეგულირებისა და ყირიმის დაბრუნებისკენ.