პრემიერის პრესსამსახური უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერის პრესსამსახური უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უშიშროების საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მთავრობის თავმჯდომარე მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა.

"საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით.

ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში. საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ კონკრეტული დავალებები. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა. ამ საკითხზე პრემიერ-მინიტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა საუბარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც 28 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.