ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება

ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლი.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 40-დან 150-საათამდე. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასეთი ქმედებისათვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გარდა, სანქციად ერთ წლამდე ვადით პატიმრობას აწესებს.

გარდა ამისა, ცვლილება შედის 126/1-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც თავის მხრივ დამამძიმებელ გარემოებებს ეხება. კერძოდ, საუბარია იგივე ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ ან არაერთგზის. მოქმედი კოდექსის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პირი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 200-საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მთავრობის კანონპროექტის თანახმად კი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სანქცია 200-დან 400-საათამდე იზრდება, თავისუფლების აღკვეთის ერთი წლის ნაცვლად კი, თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთა განისაზღვრება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.