ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში 26-27ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს , კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამაღამ აცივდება. ხვალ კახეთსა და თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსი იქნება.
კახეთის ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი შესაძლოა ძლიერი წვიმა თოვლში გადავიდეს, რის გამოც 26 ოქტომბერს, ღამით, მაღალმთაში -4 გრადუსია მოსალოდნელი. 28 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შემცირდება. 30-31 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს და 15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები შედარებით თბილ ამინდს პროგნოზირებენ. 26 ოქტომბერს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, თუმცა, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში ძლიერი ქარი იქროლებს. ზოგიერთ რაიონებში ქარის სიჩქარე წამში 30-32 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.