საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
როგორც მურმან დუმბაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაია ფანჯიკიძის განმარტება, რომ შესაძლებელია რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწროს, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და დესტრუქციული მოქმედებაა.
მურმან დუმბაძის თქმით, მსგავსი განცხადებების გამო, "თავმოყვარე პარლამენტმა" არა მხოლოდ მაია ფანჯიკიძის უფლებამოსილების საკითხი უნდა დასვას პრემიერ-მინისტრის წინაშე, არამედ მთავრობის სხვა წევრებისაც.
"საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამავე დროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ვალდებულნი არიან უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრონ და გამომდინარე იქედან, რომ საკითხი ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ეხება, ამიტომ საქართველოს პარლამენტმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საქართველოს მთავრობას ასეთი უგუნური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო. შემიძლია მოგიყვანოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ის ვერ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაძლოა, 28 ოქტომბერს ის მიწვეულ იქნას რომელიმე მეგობარ სახელმწიფოში და ამიტომ, შესაძლებელია ეს თარიღი მისთვის დაკავებული აღმოჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება და დესტრუქციული მოქმედება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, როგორიც არის უშიშროების საბჭო", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მოიწვია.