"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის მიზანი იქნება როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.
"საქართველო არასდროს შეეგუება საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია და თავხედურად დე იურე ანექციის მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ საპროტესტო აქცია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მან პარტიის სახელით, საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ.
"მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას, მთავრობის მიერ, საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას. ვაცხადებთ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან, 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.