პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ

პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ

ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

პატრიარქმა თბილისობის დღესასწაული მიულოცა ყველას, მიესალმა პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას და აღნიშნა, რომ როდესაც ვსაუბრობთ "თბილისობაზე" უპირველესად უნდა ვიფიქროთ პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა მიმართ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უმუშევრობა შემცირდეს. 

უწმინდესმა გაიხსენა დიდი მეფეები, რომლებიც იღწვოდნენ საქართველოსა და თბილისისთვის. 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ "თბილისობას", ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომლებიც იღწვოდნენ საქართველოსთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის. როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ "თბილისობაზე" უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დასძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული. კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა.