"თბილისობა – 2014" 25-26 ოქტომბერს გაიმართება

25-26 ოქტომბერს "თბილისობა – 2014" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, დღეს, 10:00 საათიდან თბილისის ზღვაზე "თბილისი მარათონი" გაიმართება. 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში თბილისობის გახსნა, საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება და კონცერტი მოეწყობა.

დღის განმავლობაში გორგასლის მოედანზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში, ბოტანიკურ ბაღში, შარდენის ქუჩაზე და დედაქალაქის სხვა მონაკვეთებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ხილის ფესტივალი, ბაზიერების შოუ, საბავშვო ანსამბლების წარმოდგენები, იშვიათი მცენარეების გამოფენა, თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოქმედებითი კოლექტივებისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთობების გამოფენა - ყველის, თაფლის, ჩაის და სხვა ფესტივალები. ქართველი თანამედროვე როკ ჯგუფები, სპორტული ტურნირები "თბილისობა 2014"-ის ჩემპიონის ტიტულზე – დაჯილდოება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედების წარდგენა, თოჯინების წარმოდგენა, "ჰერბერტის სიზმარი" საფრანგეთის თეატრალური დასის მსვლელობა, ფესტივალი "საჩუქარი" - თბილისი Jazz Festival 2014 – David Fiuczynski`s Planet Microjam – "თბილისი ივენთ ჰოლში", თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული როკ ბენდების კონცერტი (The Jetbird, ჯგუფი "არა", ჯგუფი "ყველა", Loudspeakers - ევროპის მოედანზე.
"თბილისობა – 2014"-ის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება 26 ოქტომბერსაც.