დარწმუნებული ვარ, მინისტრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს

დარწმუნებული ვარ, მინისტრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს

თუ საქართველოს პრეზიდენტმა გადადო ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, საბჭოს სხდომის თარიღსა და დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია როგორც საბჭოს მუდმივ წევრებს, ისე მოწვეულ პირებს მაშინვე მიეწოდათ, როგორც კი პრეზიდენტმა ის მოიწვია.

"თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია... წერილების გაგზავნა არსად არის რეგლამენტირებული. ეს არ არის აუცილებელი - გაიგზავნება თუ არა წერილი, ამით არ ინიშნება ეროვნული უშიშროების საბჭო, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც კი პრეზიდენტმა დანიშნა, ეს გავიდა პირდაპირ ეთერში. აქამდე ამაზე არ ყოფილა საუბარი და პრეზიდენტმა შეგნებულად არ გაუსვა ამას ხაზი, მაგრამ რადგან უკვე გაცხადდა, ვიტყვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო ბრიუსელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი გადაედო, დარწმუნებული ვარ მინისტრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და ანექსიის მცდელობის საკითხი, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, დღის წესრიგში არ დგას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური ორგანო ამ საკითხზე შეძლებს და შეიკრიბება დაანონსებულ დროს", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, საბჭოს სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, მას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს.

როგორც მან აღნიშნა, საბჭოს სხდომის გასამართად კონკრეტული ქვორუმი გათვალისწინებული არ არის. "რეგლამენტირებული არ არის რამდენი წევრი უნდა დაესწროს სხდომას, რომ ის გაიმართოს - ქვორუმი არ არის გათვალისწინებული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებისთვის", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.