„ცხოვრება გრძელდება“ - მსჯავრდებულების ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გამოიფინა

„ცხოვრება გრძელდება“ - მსჯავრდებულების ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გამოიფინა

24 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ცხოვრება გრძელდება“  გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილია  57 მსჯავრდებულის 100-ზე მეტი ნამუშევარი, როგორც მხატვრობაში, ისე გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, გამოიფინა მსჯავრდებულთა ლიტერატურული ნაწარმოებები - პოეზიისა და პროზის ნიმუშები.

გამოფენას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საჯარო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებს საკუთარი შესაძლებლობების ასეთი სახით რეალიზების საშუალება ეძლევათ. სამინისტრო ყოველთვის მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით, რადგან ამით პატიმრები საკუთარ თავს და სხვებსაც უმტკიცებენ, რომ მათ ბევრი დადებითის შექმნა ხელეწიფებათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის და რწმენისთვის, რომ ისინი შეძლებენ საზოგადოებას ღირსეულ და სასარგებლო წევრებად დაუბრუნდნენ“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

გამოფენა გაიმართა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული „ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით და მის მიზანს საზოგადოებისთვის მსჯავრდებულთა შემოქმედების გაცნობა, ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება და ტოლერანტული დამოკიდებულების გაჩენისადმი ხელის შეწყობა წარმოადგენს.