საქართველოს-იაპონიის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის

საქართველოს-იაპონიის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის

საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტოკიოში საგარეო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომელმაც იაპონიაში ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი შეაჯამა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, ფხალაძემ განმარტა, რომ ამ სულისკვეთებას ასახავს ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს გააფორმეს.

"მთავარი შედეგი არის ის, რაც განაცხადეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადადის თვისობრივად ახალ საფეხურზე. ამ სულისკვეთებას ასახავს ერთობლივი მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა. მასში საუბარია თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე ყველა მიმართულებით. ეს არის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, თუ როგორ წარმოუდგენია ორი ქვეყნის ლიდერს მათი მომავალი ურთიერთობები. მომავალში ეს გადავა ცალკეულ ხელშეკრულებებში, ცალკეულ დარგობრივ შეთანხმებებში", - განაცხადა ფხალაძემ.

საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, დელეგაცია საქართველოში მნიშვნელოვანი შედეგებით ბრუნდება.

"შეხვედრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ დაფიქსირდა იაპონიის მთავრობის მზადყოფნა საქართველოს სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით. მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში დღეს არსებულ ვითარებას და იმ ხელშეკრულებაზე, რომლის ინიცირებასაც ახდენს რუსეთის ფედერაციას. ერთი სიტყვით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას მიეცა აბსოლუტურად ახალი და მნიშვნელოვანი იმპულსი", - აღნიშნა საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიას ოფიციალური ვიზიტით 21 ოქტომბერს ეწვია. 5-დღიანი ვიზიტი ხვალ მთავრდება.