საგარეო უწყება პრეზიდენტ მარგველაშვილის ბელგიაში ვიზიტის გაუქმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო უწყება პრეზიდენტ მარგველაშვილის ბელგიაში ვიზიტის გაუქმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბელგიის სამეფოში ვიზიტის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის ბელგიის სამეფოში ვიზიტის გაუქმების შესახებ მედიის მხრიდან გამოხატული ინტერესის პასუხად, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო განმარტავს შემდეგს:

საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული იყო ბელგიის სამეფოში, პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 ოქტომბერს მიღებულ წერილზე დაყრდნობით, საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით აცნობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ. კერძოდ, ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საელჩოს ნოტაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბელგიის სამეფოში პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების" ინიცირებასთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვის მიზნით. ასევე, ანალოგიური ინფორმაცია მიეწოდა ლუვენის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ზემოაღნიშნული წარმოადგენს საელჩოს მიერ გავრცელებულ ერთადერთ ინფორმაციას, რომელიც ეცნობა ბელგიურ მხარეს - როგორც ოფიციალურ, ისე აკადემიურ წრეს. დამატებითი შეფასებები პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ საელჩოს მხრიდან არ გაკეთებულა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.