საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში ბიზნესწრეებთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში ბიზნესწრეებთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და JICA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება იმ  პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც JICA-ს კორპორაცია საქართველოში ახორციელებს. მათ ბიზნესპარტნიორობის პროგრამის შესახებაც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც იაპონური და ქართული ბიზნესკომპანიები თანამშრომლობენ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნესგარემოსაც, რომელიც დაინტერესებული ინვესტორებისთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში JICA-ს მიერ გაწეული დახმარება, რომელიც გამოიხატა, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროს განვითრების, ხოლო მეორე მხრივ, სოფლის-მეურნეობისა და გარემოს დაცვის პროექტების ხელშეწყობით. მათ სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს და ამ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

JICA -ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის მნიშვნელობა და როლი ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში და ყურადღება დაუთმო იმას, რომ ქართველ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრა პოზიტიურ შედეგებს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ბიზნესის წახალისებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სხვადასხვა ბიზნესპროექტების განხორციელებით.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოში ბიზნესსექტორის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება JICA-ს წარმომადგენლობის გახსნა, ასევე ის, რომ ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება და შეხედულებები. მისი თქმით, ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ JICA-ს ხელშეწყობით განახორციელონ ახალი პროექტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გიორგი მარგველაშვილი ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.