"სად ვიქნები და რა პოზიციაზე, მეასეხარისხოვანია"

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად მისი მოცანა დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებაა.

"როცა სადმე თქვენი საჭიროება ამოიწურება, რას გააკეთებთ? მე მაქვს ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი. მე მოვედი ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი წვლილი რომ შემეტანა ქვეყნის უფსკრულიდან ამოყვანაში. ვცდილობ, გუნდის მიერ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო და ქვეყანას ვემსახურო. მაქვს იმის შეგნება და ყველანაირი რესურსი, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს დასჭირდება. კარგად ვაცნობიერებ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას, ხოლო სად ვიქნები და რა პოზიციაზე, ეს მეასეხარისხოვანია", - აცხადებს კახა კალაძე.

ამასთან, "ვერსიასთან" ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრი კოალიცია "ქართული ოცნების" პერსპექტივაზეც საუბრობს.

"კოალიცია შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და იდეოლოგიის პარტიისგან. ჰქონდათ საერთო მიზანი - სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება და ჰყავდათ საერთო, ხალხში რეიტინგული ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი. მიზანი მიღწეულია. ვინ რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს შემდგომ, ვის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ამომრჩეველს, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის პირადი საქმეა და არა მგონია, სალაპარაკო, გასარჩევი ან ტრაგიკულად აღსაქმელი თემა იყოს. ვფიქრობ, პირიქით - განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიებს თუ ყველა საკითხზე ერთგვაროვანი პოზიცია ექნება, ეს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენებას ხელს შეუშლის. ამ თემაზე კონკრეტულად 2016 წლის არჩევნებისთვის ვისაუბროთ", - აცხადებს კახა კალაძე.