ანგელა მერკელი აფხაზეთში რუსულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო

ანგელა მერკელი აფხაზეთში რუსულ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსულ გეგმებთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ინფორმირებული იყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლადო ჭანტურიამ ყოფილი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელს მასთან საუბრამდე არაფერი სმენია აფხაზეთში რუსულ გეგმებზე.

როგორც ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ჩვენ ეს ინფორმაცია ფედერაციული კანცლერის ადმინისტრაციაში გადავამოწმეთ. მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან კანცლერი უფრო ადრე, დაწვრილებით იყო ინფორმირებული ამ საკითხზე. შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ვიზიტი შედგა ბერლინში, 21 ოქტომბერს, დამატებით და დაწვრილებით მიეწოდა ინფორმაცია კანცლერს", - განაცხადა ლადო ჭანტურიამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანცლერი ამ საკითხზე ინფორმირებული იყო მანამდეც, ვიდრე მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიაში ჩავიდოდა.

"ყოველ შემთხვევაში, კანცლერის მრჩეველთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო", -განაცხადა ელჩმა.

როგორც ჭანტურიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ამგვარმა ინტერპრეტაციამ როგორც ქართული მხარის, ასევე გერმანელი კოლეგების გაოცება გამოიწვია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მას უთხრა, რომ აფხაზეთში რუსულ გეგმებზე არაფერი სმენია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო.

"მე ბევრი ვისაუბრე აფხაზეთზე და იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ნაწილებად გაგლეჯის, ტერიტორიების ჩამოგლეჯის, წართმევის ძალიან თავხედურ მცდელობას, რომელიც ამ დღეებში ხორციელდება. დადგინდა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები მრავალი საათის განმავლობაში პუტინთან განიხილავდნენ რეგიონში შექმნილ სიტუაციას, როგორც ახლა ირკვევა, განიხილეს მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვას საკითხი და საქართველოს საკითხი პრაქტიკულად არ წამოჭრილა. შემდეგ ცალკე ვესაუბრე აქვე გერმანიის კანცლერ მერკელს, ევროპის მთავარ ლიდერს. ჩემდა სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, მან მითხრა, რომ აქამდე, დღევანდელ ჩემს საუბრამდე, მას პირადად არაფერი სმენია აფხაზეთში რუსულ გეგმებზე, აფხაზეთის ანექსიის საკითხზე. მან მთხოვა, რომ დავუკავშირდეთ მის კანცელარიას სასწრაფოდ. მე ამ თხოვნას გადავცემ საქართველოს მთავრობას და ვსვამ კითხვას აქამდე რას აკეთებდნენ და რატომ არ დაუკავშირდნენ? აქამდე რატომ არ დასვეს ეს საკითხი ასეთ უმაღლეს დონეზე? ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება ხდებოდეს? ნუთუ უცხოურ პრესაში სტატიების გამოქვეყნება, სადაც მე გამლანძღავენ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რუსეთი აკეთებს ათჯერ უფრო მეტს, ვიდრე 2008-ში, თან ყოველგვარი ბრძოლის, ჩვენი მხრიდან გაბრძოლების, წინააღმდეგობის გარეშე, ისე, რომ ამის შესახებ პრაქტიკულად არავინ არაფერი იცის და არავის გაუგია. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიღვიძოს, თუ კიდევ გვიან არ არის, რადგან საქართველოს მრავალი თაობის ბედი წყდება, საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.