იაპონიის მემორანდუმში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს ორი ქვეთავი ეთმობა

იაპონიის მემორანდუმში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს ორი ქვეთავი ეთმობა

საქართველოსა და იაპონიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელშიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს ორი ქვეთავი ეთმობა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ.

დოკუმენტი 23 პუნქტიანია, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ჩანაწერი მე-18 და მე-19 თავებშია დაფიქსირებული.

"ორივე მხარე იზიარებს შეხედულებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში/ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე. ქართული მხარე გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის განზრახვისადმი დადოს "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთის რეჟიმთან. ორივე მხარე ეწინააღმდეგება მრავალმხრივ მცდელობებს შეიცვალოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია მემორანდუმის მე-18 პუნტში.

რაც შეეხება დოკუმენტის მე-19 პუნქტს, ორივე მხარე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უფლებების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ადგილებში გაეროს რეზოლუციის შესაბამისად", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მემორანდუმში ასევე მოხვდა უკრაინის თემა. ორივე მხარე ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მნიშვნელობას და ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ორივე მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან აღნიშნულ საკითხებზე დიალოგის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პუნქტში, რომელიც უკრაინის თემას ეხება.

მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა გამართეს.