თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში

თედო ჯაფარიძე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩართვის წინადადებით გამოდის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძისთვის მისაღები იქნება, თუკი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნული მოსაზრება მან ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის მოსმენისას გამოთქვა. კომიტეტების სხდომაში მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი და შოთა უტიაშვილი იღებდნენ.

"იქნებ გვეფიქრა, მათაც მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუკი ამის საშუალებას ფორმატი იძლევა. თუნდაც ბატონმა ჭიაბერაშვილმა", - აღნიშნა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თედო ჯაფარიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ მან განმარტა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაწყვეტა ევალება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოპოზიციას. ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი არსებობს საშუალება, სასურველი იქნება ოპოზიციაც ჩაერთოს პროცესში.

"ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპეტენცია, გამოცდილება, მონაწილეობა აქვთ მიღებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თედო ჯაფარიძეს კრეატიული იდეები აქვს. მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და განსაზღვრული წესები მასში ოპოზიციის ჩართვას არ ითვალისწინებს.