მიხეილ მაჭავარიანი: სააკაშვილმა SMS მომწერა, ბაქოში ვარო

მიხეილ მაჭავარიანი: სააკაშვილმა SMS მომწერა, ბაქოში ვარო

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა ბაქოში გასულ კვირას, ოღონდ არ ვიცი, ვის შეხვდა", - განუცხადა „რეპორტიორს" დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ბაქოში ვიზიტის შესახებ სააკაშვილმა მას პირადად აცნობა. მისივე ინფორმაციით, ბაქოში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, თუმცა, მაჭავარიანი მათ ვინაობას არ ასახელებს.

SMS მომწერა, ბაქოში ვარო, მაგრამ ვის შეხვდა, ამაზე ჩემთვის ანგარიში არ ჩაუბარებია. მას ასევე ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრა ბრიუსელში, სადაც უმაღლესი რანგის პირები,  მაგალითად, ანგელა მერკელი, ბაროზუ და სხვები იმყოფებოდნენ. როგორც გუშინ სააკაშვილმა მომწერა, მას ამ შეხვედრაზე იმ კინკლაობაზე კი არ უსაუბრია, რაც საქართველოში მიდის, არამედ აფხაზეთზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა პრობელემებზე", - განუცხადა „რეპორტიორს" მაჭავარიანმა.

„რეპორტიორისთვის" ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის მთავრობის წევრებთან შეხვედრა გამართა. სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წვერებიც.„რეპორტიორმა" სააკაშვილის ბაქოში ვიზიტის დეტალების გასარკვევად ვაშაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.