მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის და პატრიარქის ქორეპისკოპოსის განმარტებით, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წლის მიხედვით, აღნიშნული შენობა მოხსენიებულია როგორც ეკლესია.

სწორედ ამის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია იგი მუსლიმებს გადაეცეთ. მიტროპოლიტი თეოდორე ირწმუნება, რომ  შენობაში მუსლიმების მიერ ღვთისმსახურება არასდროს აღვლენილა.

მისივე განმარტებით, შენობაში არცერთი კონფესიის სალოცავი არ განთავსდება და მოსახლეობის სურვილები გათვალისწინებული იქნება.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივას ეთანხმება, რომელიც შენობის წარმომავლობას დაადგენს. კომისიის შექმნა 23 ოქტომბერს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება სოფელ მოხეში ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდება. მუსლიმები აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია. მართლმადიდებლები კი ირწმუნებიან, რომ შენობა ეკლესიის ქვებითაა აგებული.