"პრეზიდენტს წინასწარ არ გაუვლია კონსულტაციები, იყო თუ არა საბჭოს ყველა წევრი საქართველოში"

როგორც ირაკლი სესიაშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მისი მოწვევის დროს ის თავად წყვეტს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნის თარიღს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ სხდომის გამართვა მთავარი მომხსენებლის გარეშე მისთვის მიუღებელია, შეუძლია, ის სხვა დროს მოიწვიოს. 

"პრეზიდენტმა თავად განსაზღვრა ეს დრო. სამწუხაროდ, ის არ შეთანხმებია ან წინასწარ არ გაუვლია კონსულტაციები, იყო თუ არა საბჭოს ყველა წევრი საქართველოში, რათა ეს შეხვედრა შემდგარიყო სრული შემადგენლობით. როგორც ჩანს, ეს სხდომა გაიმართება. სამწუხაროდ, რამდენიმე მინისტრი, როგორც ჩანს, ვერ დაესწრება, მაგრამ ის შედგება იმ ფორმატში, რა შესაძლებლობაც იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ამ შემადგენლობით, ასეთი ფორმატით აწყობს, გამართოს შეხვედრა, ჩვენ სხვა პასუხი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მას დავესწროთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაერკვია, ჰქონდა თუ არა თავდაცვის მინისტრს, რომელიც მთავარი მომხსენებელია, საშუალება, შეხვედრას დასწრებოდა. დეპუტატი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საბჭოს ეს შემადგენლობა საკმარისი არ იქნება, შეუძლია, შეხვედრა სხვა დროს დანიშნოს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის მხრიდან მორიგი დესტრუქციული ნაბიჯის განსახილველად იკრიბება, რაზეც კრიზისების მართვის საბჭომ გაფართოებულ ფორმატში უკვე იმსჯელა, დაიგეგმა კონტრზომები და საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის დანიშნული დანიშნა, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიორგი მარგველაშვილს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა. თავდაცვის მინისტრს სწორედ ამ დროისთვის აქვს დაგეგმილი ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თუ უშიშროების საბჭოს მისი მუდმივმოქმედი წევრები არ დაესწრებიან, მის გამართვას აზრი არ აქვს. თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ სხდომა არ გადაიდება.