პარლამენტში დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

პარლამენტში დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის მოსმენა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული საკითხებია.

დავით ზალკლაიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ფორმატში უსმენენ. ეს აღნიშნულ თემაზე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მეოთხე სტუმრობა პარლამენტში.

"მსგავსი ფორმატით მოსმენა არის საკმაოდ ნორმალური პროცესი, რადგან პარლამენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელია. ბოლო ორი რაუნდი განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩეოდა, რასაც თავისი ახსნა აქვს და ვაპირებ ვისაუბრო, რის გამო იყო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა და გარკვეული დესტრუქციული ქმედებები. ჟენევა არის უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით ვსაუბრობთ ძალიან მწვავე საკითხებზე, ე.წ. წითელ ხაზებზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზალკალიანმა შეხვედრის დაწყების წინ.

დეპუტატებთან ერთად, მოსმენებში მონაწილეობენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე ზალკალიანის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და შოთა უტიაშვილი.