არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩაიშალა, პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო

არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩაიშალა, პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ბრიუსელში არა პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას, არამედ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით , მის გადადებას. ამ თემასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანმა განმარტებები პარლამენტში კომიტეტების სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

"არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩაიშალა. პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო. ეს იყო ორმხრივი ვიზიტი და არა ვიზიტი ევროკავშირის ფარგლებში. ბელგიის ინიციატივით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, ამის თაობაზე ოფიციალური არხებით ბელგიური მხარისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია. როგორც იცით, მის ნაცვლად ბელგიაში პარლამენტის თავმჯდომარე მიემგზავრება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ამ კონტექსტში გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური კრიზისის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს არის გამოგონილი და გაუგონარი რამ. მისი თქმით, ოფიციალურად მიწოდებლ ინფორმაციაში, არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა და ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განუცხადა, პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტი თავად გააუქმა, რადგან 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. მისივე განმარტებით, ვიზიტის გადადება ვერ მოხერხდებოდა, რადგან პრეზიდენტი ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა. ამასთან, ელჩი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საელჩომ Leuven-ის უნივერსიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ვიზიტის პოლიტიკური კრიზისის გამო ჩაშლის თაობაზე. ნატალი საბანაძის განმარტებით, ეს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციაა.

"მე ვნახე, უნივერსიტეტმა დადო ასეთი განცხადება. ეს არის უნივერსიტეტის ინტერპრეტაცია და არა საელჩოსი. ბატონ პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლა უნივერსიტეტში. საელჩოს თანამშრომელი ხაზზე იყო უნივერსიტეტთან და აუხსნა, უთხრა სწორედ ის, რაც მე გითხარით, რომ დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა რუსეთსა და საქართველს ურთიერთობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ იყო საელჩოს ინტერპრეტაცია", - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, Leuven-ის უნივერსიტეტში გამოსვლა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 28 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.