პრეზიდენტი სასაკავას ფონდის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარსდგა

პრეზიდენტი სასაკავას ფონდის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასაკავას მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან იოჰეი სასაკავასთან შეხვედრა გამართა, რომლის შემდეგაც ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს საგარეო კურსის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველო-იაპონიის პარტნიორობის გაღრმავებაზეც გაამახვილა. 

„თუ ვლაპარაკობთ ომსა და მშვიდობაზე, მოდით, დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემით. ბუნებრივია, შესაძლოა იყო რაღაც შეცდომები, დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან ან მთავრობასთან და ეს ყოველთვის ხდება ომის პირობებში – ყოველთვის არის ასეთი სირთულეები, მაგრამ, ნება მიბოძეთ, გამოვყო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს საქართველოს ტერიტორიებია. საქართველო რუსეთს ვერ გამოუცხადებს ომს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს  არის მარტივი ლოგიკის წინააღმდეგ - სხვა სახელმწიფოს ვერ გამოუცხადებ ომს საკუთარ ტერიტორიაზე!  ასე რომ, შესაძლოა, იყო დაშვებული გარკვეული შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას ჩემი ქვეყნის ოკუპაციას! ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას იმ ფაქტს, რომ რუსეთს შეექმნა ორი კვაზი სახელმწიფო, რადგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაფორმებული იყო შეთანხმება სარკოზსა და მედვედევს შორის, რომელიც აყენებდა პრობლემის დარეგულირების საკითხს და არა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების თემას. ასე რომ, ნებისმიერი ომის და კონფლიქტის შემთხვევაში არიან მხარეები, რომლებიც უშვებენ შეცდომას, მაგრამ ეს ადგილობრივი, პატარა შეცდომები არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის მიზეზი.  ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დამსწრეთა ინტერესის საგანი საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები იყო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი თქმით, ეს არის საქართველოს არჩევანი მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ.

„საქართვლო არ განიხილავს ნატოს, როგორც ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებას. საქართველო მოაგვარებს პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით. გადაჭრის ამ პრობლემებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩაბმულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში. ასევე არ გეთანხმებით, რომ არ ყოფილა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ და არ ჰქონიათ ტერიტორიული პრობლემები. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. შეგიძლიათ აიღოთ ნატო-ს ისტორია და ნახავთ, რომ არ არის მოთხოვნა, ქვეყნებს გადაჭრილი ჰქონდეთ ტერიტორიული პრობლემა. შემიძლია მაგალითიც გითხრათ – ძირითადი ნიმუში არის გერმანია. ის იყო ერთი ერი, მაგრამ ორი სახელმწიფო, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ნატო-ს წევრი. ასე რომ, ნატოს განვიხილავ არა როგორც წინააღმდეგობრივ, არამედ, უფრო მეტად, როგორც პოზიტიურ პროცესს, რომელიც განვითარდა ევროპაში. მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ნატო არის ჩვენი ძირითადი მტერი და რომ არ არსებობს არანაირი გზა, ვიყოთ მისი პარტნიორები. ბოლო 25 წლის განმავლობაში ვნახე, რომ ევროპა იზრდება, ნატო იზრდება, ევროკავშირისა და ნატოს საზღვრები კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს და ამასთან, რუსეთს აქვს ყველაზე მშვიდი საზღვრები ევროკავშირსა და ნატოსთან. რუსეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა და ნატო-ს სახელმწიფოებთან. რუსეთი ჩართულია ერთობლივ სამხედრო პროექტებში ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. რუსეთს არ აქვს არანაირი სირთულეები, თავს გრძნობდეს კარგად, როდესაც ევროპაში მიდიან სამოგზაუროდ, სავაჭროდ, კულტურული ურთიერთობებისა თუ საცხოვრებლად. ისინი არიან ძალიან მეგობრული ევროპელებთან და მათ ეს ურთიერთობა მოსწონთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთულია საქართველოში. ასე რომ, როდესაც ვხედავ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებას, ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობისთვის, თუმცა უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობის გამო - ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა – მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

სასაკავას ფონდში გამართულ შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებისა და ფონდის წარმომადგენლების გარდა, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.