„უშიშროების საბჭოს მინისტრთა კაბინეტის დღის წესრიგი ცოტა ადრე რომ გაეგო, ურიგო არ იქნებოდა“

„უშიშროების საბჭოს მინისტრთა კაბინეტის დღის წესრიგი ცოტა ადრე რომ გაეგო, ურიგო არ იქნებოდა“

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ცუდი არ იქნება თუ უშიშროების საბჭო მაშინ შეიკრიბება, როდესაც მასზე დასწრებას ყველა შეძლებს.

„რეალურად, რთული ვითარებაა შექმნილი გამომდინარე რუსეთის სრულიად დექსტრუქციული ქმედებებიდან - მათი მისწრაფებებიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული ანექსია მოახდინონ და პრეზიდენტის ინიციატივა საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ არის ზედმეტი კითხვის დასასმელი საგანი.  მე ამ ფაქტს ლოგიკურად ვუყურებ. სირთულე რასაც ვხედავ, უბრალოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო და უშიშროების საბჭოს უფრო მეტი კომუნიკაცია რომ ჰქონოდა მინისტრთა კაბინეტთან და მათი დღის წესრიგიც  ცოტა ადრე გაეგო, ურიგო არ იქნებოდა. დაგეგმილია ცალკეული მინისტრების ვიზიტები.  უშიშროების საბჭოზე მთავარი მომხსენებელი უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მაგრამ მას გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტები კარგა ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. თუ არ იქნება მთავარი მომხსენებელი, რა აზრი აქვს უშიშროების საბჭოს ჩატარებას. ელემენტალური კომუნიკაციის პრობლემაა, თორემ უშიშროების საბჭოზე რა თქმა უნდა, მინისტრიც უნდა მივიდეს, მეც ვიყავი მიწვეული და სხვა კომიტეტის თავმჯდომარეები. ჯერ არ ვიცი, ეს სხდომა გაიმართება თუ არ გაიმართება, მაგრამ ყველას გვაინტერესებს ეს საკითხი, ყველა ვალდებულია მივიდეს კიდეც და  იმსჯელოს იმ ურთულეს საკითხზე, რომელიც აფხაზეთს შეეხება“,- განაცხადა დოლიძემ.

უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის დანიშნული დანიშნა, თუმცა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიორგი მარგველაშვილს სხდომის გადადემის თხოვნით მიმართა. თავდაცვის მინისტრს სწორედ ამ დროისთვის აქვს დაგეგმილი ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თუ უშიშროების საბჭოს მისი მუდმივმოქმედი წევრები არ დაესწრებიან, მის გამართვას აზრი არ აქვს. თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ სხდომა არ გადაიდება.