"მოვუწოდებთ ყველას, ჩამობრძანდნენ და დააკვირდნენ სასამართლო და საგამოძიებო პროცესებს"

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება "პირველ პრესკლუბში" შეაფასა.

„ჩვენ ამ წუხილების თაობაზე ვიცით, არა ერთხელ გვისაუბრია ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. პირველ რიგში, ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი სახის მონიტორინგისთვის. თომას ჰამერბერგი და ეუთო-ს ე.წ. სასამართლო მისია ადგილზე აკვირდებოდა მოვლენებს და მათ არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ჩამობრძანდნენ, თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩამოიყვანონ თავიანთი მაღალკვალიფიციური ექსპერტები და დააკვირდნენ როგორც სასამართლო, ასევე საგამოძიებო პროცესებს. შემდეგ თუ რაიმე კითხვა იქნა და წუხილი გამოითქვა, მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“,-განაცხადა დოლიძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ დასმულ შეკითხვას ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენიფერ ფსაკის განცხადებით, ვაშინგტონი გამოხატავს გარკვეულ წუხილებს ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ და ეს წუხილები დღემდე რჩება.