უსუფაშვილის ბელგიაში ვიზიტის მომზადებაზე შესაბამისმა სამსახურმა დავალება რამდენიმე დღის წინ მიიღო

უსუფაშვილის ბელგიაში ვიზიტის მომზადებაზე შესაბამისმა სამსახურმა დავალება რამდენიმე დღის წინ მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბელგიაში ვიზიტის მომზადების შესახებ პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სამსახურმა დავალება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შეხვედრები, რომლებიც ბელგიის სამეფოში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ ზუსტდება.

განცხადება, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნცვლად ბელგიაში დავით უსუფაშვილი გაემგზავრება, საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში ნატალი საბანაძემ გააკეთა.

"პრეზიდენტის ნაცვლად, პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ახლა პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს", - აღნიშნა ელჩმა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტი 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს დანიშვნის გამო გააუქმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დღეს გაავრცელებს.