ფოტოგრაფების საქმეზე დღეს ზურაბ ქურციკიძეს დაკითხავენ

ფოტოგრაფების საქმეზე დღეს ზურაბ ქურციკიძეს დაკითხავენ

ფოტოგრაფების საქმეზე, პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება. დაკითხვაზე დღეს, ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფოტოკორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე დაიბარეს.

როგორც ქურციკიძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, იგი გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას მისი და მისი კოლეგების დაკავებასთან დაკავშირებით. ქურციკიძის თქმით, ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილია და ფოტოგრაფებს დაკავებისას აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

"ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ჯაშუშები, ველოდებით სწორ გამოძიებას სიმართლის დადგენას. ვრცელდებოდა დაკავების რაღაც ვერსიები, მათ შორის 26 მაისის აქციის კადრების გავრცელებასთან კავშირზე. არ ვიცი რატომ დაგვაკავეს და ვისი ინიციატივით მოხდა ეს, იმედია გამოძიება ამას დაადგენს", - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

უკვე დაკითხულია გიორგი აბდალაძე, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არის. იგი პროკურატურაში გუშინ დაკითხეს.

ოთხი ფოტოგრაფი 2011 წელს, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. მათ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. მას შემდეგ, რაც ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე დააკავეს, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ნასამართლეობა ფოტოგრაფებს გასულ წელს მოეხსნათ.