ბელგიაში დაგეგმილ ღონისძიებას, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება

ბელგიაში დაგეგმილ ღონისძიებას, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება

ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  საქართველოს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიაში ნატალი საბანაძემ განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი ჩამოდიოდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად ახლა წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი", - აღნიშნა საბანაძემ.

ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი გააუქმა, რადგან 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. მისივე განმარტებით, ვიზიტის გადადება ვერ მოხერხდებოდა, რადგან პრეზიდენტი ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა.

ამასთან, ელჩი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საელჩომ Leuven-ის უნივერსიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ვიზიტის პოლიტიკური კრიზისის გამო ჩაშლის თაობაზე. ნატალი საბანაძის განმარტებით, ეს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციაა.

"მე ვნახე, უნივერსიტეტმა დადო ასეთი განცხადება. ეს არის უნივერსიტეტის ინტერპრეტაცია და არა საელჩოსი. ბატონ პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლა უნივერსიტეტში. საელჩოს თანამშრომელი ხაზზე იყო უნივერსიტეტთან და აუხსნა, უთხრა სწორედ ის, რაც მე გითხარით, რომ დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა რუსეთსა და საქართველს ურთიერთობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ იყო საელჩოს ინტერპრეტაცია", - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, Leuven-ის უნივერსიტეტში გამოსვლა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 28 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.

ელჩის ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების თაობაზე საელჩოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ოფიციალურად 18 ოქტომბერს აცნობა.