ვალერი გელაშვილის საქმეზე უცხოელი მრჩევლების წინასწარი დასკვნა პროკურატურის მასალების საფუძველზე მომზადდა

ვალერი გელაშვილის საქმეზე უცხოელი მრჩევლების წინასწარი დასკვნა პროკურატურის მასალების საფუძველზე მომზადდა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალერი გელაშვილის საქმეზე, უცხოელი მრჩევლების მიერ გიორგი ბადაშვილისთვის გაგზავნილ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს.
 

დოკუმენტში მითითებულია, რომ წინასწარი დასკვნა ამ საქმეზე უცხოელმა მრჩევლებმა მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოამზადეს. აქვე აღნიშნულია, რომ 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მრჩეველებმა პროკურატურის თხოვნის საფუძველზე მოამზადეს. ისინი მიუთითებენ, რომ დოკუმენტი მხოლოდ წინასწარ შეფასებას წარმოადგენს და გამოძიების პროცესში შესაძლოა გადასინჯვას დაექვემდებაროს, თუკი ჯგუფს დამატებითი მტკიცებულებები წარედგინება.

"იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი და რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვეწოდა ჩვენ 
შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი წინასწარი დასკვნა: ჩვენ გვჯერა, რომ არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დარჩენილი საკითხი იქნება განხილული შეჯიბრებით პროცესში. 

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს დასკვნა არის წინასწარი და შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლო გადასინჯვას, თუ გამოძიება გაგრძელდება და ჩვენს ჯგუფს წარედგინება დამატებითი მტკიცებულებები", - აღნიშნულია წინასწარ დასკვნაში. 

უცხოელი სპეციალისტები - პოლ კოფეი მოშე ლადორი და სერ ჟოფრეი ნაისი კმაყოფილებას გამოხატავენ პროკურორებისა და გამომძიებლების ამ საქმეზე მუშაობასთან დაკავშირებით. 
"შეხვედრების დროს ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და გულწრფელობამ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება 
ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიონალურ დონეზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კვლავაც განვაგრძობთ თქვენთან მუშაობას", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

პროკურატურა უცხოელი მრჩეველთა ჯგუფის წევრების ბიოგრაფიებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვით, სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი) - წარმოადგენს ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ყოფილ მოადგილეს (1998-2006), სადაც ის ხელმძღვანელობდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას. 

მოშე ლადორი კი, წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფო პროკურორს 2013 წლის ბოლომდე, ის ზედამხედველობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტისა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ბრალდებას. მანამდე, ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი.
პროკურატურის ცნობით, პოლ კოფეი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილ უფროსს. საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ ის დაინიშნა მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირად კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში (UNMIK).