ჯენ ფსაკი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობის ხაზგასმას

ჯენ ფსაკი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობის ხაზგასმას

ჩვენ გამოვხატეთ გარკვეული წუხილი ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ და ეს წუხილები დღემდე რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციული ბრიფინგზე, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ და ვადევნებდით თვალს მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრულ გამოძიებებს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის პროცესის თანმიმდევრულობის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა თავიდან ავიცილოთ იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისადმი პატივისცემასა და ღია დებატებს. როგორც იცით, რადგან ეს ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენ გამოვხატეთ გარკვეული წუხილი ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ და ეს წუხილები დღემდე რჩება. არ მინდა, კონკრეტულ საქმეებზე გავაკეთო კომენტარი. როგორც იცით, თითოეული ინციდენტი განსხვავებულია, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით, იყო რიგი საქმეებისა, რომლებზეც ჩვენ, დროის გადმოსახედიდან, გამოვხატეთ წუხილი", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. 

კითხვაზე - გარკვეული მოქმედება მოჰყვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ყოფილი ხელისუფლება მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა ამ საქმეებში და აშშ-ც იზიარებს თუ არა ამ შეხედულებას, - ჯენ ფსაკიმ უპასუხა, რომ კანონის უზენაესობაზე მითითება ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში ეს ასე არ ხდებოდა.

"როდესაც მე ვუთითებ კანონის უზენაესობის მორჩილების საჭიროებასა და სასამართლო სისტემის მისაღები ფორმით ფუნქციონირებაზე, ესე იგი, მე იმაზე მივუთითებ, რომ ზოგ შემთხვევაში ეს ასე არ ხდებოდა", - აღნიშნა ფსაკიმ.