გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, 2008 წელს იყო შეცდომები, თუმცა ეს არ აძლევდა რუსეთს ლეგიტიმაციას, საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა

გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, 2008 წელს იყო შეცდომები, თუმცა ეს არ აძლევდა რუსეთს ლეგიტიმაციას, საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა

შესაძლოა, 2008 წელს იყო შეცდომები, თუმცა ეს არ აძლევდა რუსეთს ლეგიტიმაციას, საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა, - როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში, ფონდის წარმომადგენლის კითხვის პასუხად განაცხადა.ლ 
ფონდის წარმომადგენელი დაინტერესდა, ხედავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობას. 
როგორც გიუორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ვერ გამოუცხადებს ომს რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. 

"მოდით, საუბარი დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემიდან, როცა ვლაპარაკობთ ომსა და მშვიდობაზე. ბუნებრივია, შესაძლოა, იყო რაღაც შეცდომები, დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან ან მთავრობასთან და ეს ყოველთვის ხდება ომის პირობებში – ყოველთვის არის ასეთი სირთულეები, მაგრამ ნება მიბოძეთ გამოვყო მარტივი ჭეშმარიტება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიებია, საქართველო ვერ გამოუცხადებს ომს რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს არის მარტივი ლოგიკის წინააღმდეგ - შენ ვერ გამოუცხადებ ომს შენს საკუთარ ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს. ასე რომ, შესაძლოა, იყო დაშვებული რაღაც შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას ჩემი ქვეყნის ოკუპაციას და ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას იმ ფაქტს, რომ ეს ორი კვაზი სახელმწიფო შეექმნა რუსეთს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაფორმებული სარკოზი- მედვედევის შეთანხმება პრობლემის დარეგულირების საკითხს აყენებდა და - არა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების თემას. 

"ასე რომ, ნებისმიერი ომის და კონფლიქტის შემთხვევაში არსებობენ მხარეები, რომლებიც უშვებენ შეცდომას, მაგრამ ეს ადგილობრივი, პატარა შეცდომები არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის მიზეზი. ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.