ლინას ლინკევიჩიუსი - რუსეთი აფხაზეთის იურიდიულ ანექსიას ესწრაფვის

ლინას ლინკევიჩიუსი - რუსეთი აფხაზეთის იურიდიულ ანექსიას ესწრაფვის

რუსეთი აფხაზეთის იურიდიულ ანექსიას ესწრაფვის, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა. 

ამით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა. 
როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, მას არაერთხელ უთქვამს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი. მისივე შეფასებით, 2008 წელს განხორციელდა ოკუპაცია და ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა საერთაშორისო შეთანხმების. 

"რუსეთი მუდმივად ცდილობს ეს დარღვევები კიდევ უფრო გააღრმავოს. მე ვერ ვპოულობ სხვა სიტყვას ამ საკითხის შესაფასებლად, გარდა იმისა, რომ რუსეთი უკვე აფხაზეთის იურიდიულ ანექსიას ესწრაფვის. დასავლეთის ქვეყნები, ევროპა უნდა იყოს ერთიანი იმისთვის, რომ ეს ქმედება დაგმოს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა საქართველოს მიმართ. ჩვენ ვიღწვით იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსეთი", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი და ეს არასდროს იქნება მიჩნეული სხვაგვარად მათ მიერ.