ირინა იმერლიშვილი - უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება

ირინა იმერლიშვილი - უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება, - ამის შესახებ ჟუნალისტებს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
 

"15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო განცხადება, სადაც მიმართა პარლამენტს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და აგრეთვე დააანონსა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევა. 17 ოქტომბერს უკვე საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულის შესახებ შეიმუშავა პოზიცია, სადაც განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის ანექსიის მცდელობა. ამის შესაბამისად, იმავე დღეს მოწვეულ იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. იმედი მაქვს, ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას - იმ დროს, როცა ის საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია", - განაცხადა იმერლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სთხოვა. უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბრისთვის არის დანიშნული და სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი ირაკლი ალასანიას ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში. როგორც ალასანიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და აქვს სურვილი, სხდომას დაესწროს. 

"უშიშროების საბჭოს სხდომის დრო იქნება გადასახედი, რადგან საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არ ვიქნებით. მე გერმანიაში მაქვს ვიზიტი, ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.