თუ

თუ "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ საჩივლელად არის საქმე, მათ უნდა შეიტანონ საჩივარი სასამართლოში

თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ საჩივლელად არის საქმე, მაშინ, რასაკვირველია მათ უნდა შეიტანონ საჩივარი სასამართლოში , - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან.

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, ვინ რა დააშავა იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გუშინ ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა. "საჩივარი შეეხება ცილისწამებას, რომელიც გამოთქმული იყო ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით ჩივილს, უბრალოდ ველოდებოდით ქარტიის საბჭოზე ამ თემის განხილვას და ამის თაობაზე ვთქვით კიდეც. ჩაატარებს პროკურატურა გამოძიებას და დაადგენს, რის საფუძველზე დაგვწამა ცილი კახი კალაძემ ან მე ან ზურაბ ჯაფარიძეს და რის საფუძველზე გააკეთა ელჩმა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

19 ივნისს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების საზღვარზე შეფერხების მიზეზი დიდი რაოდენობით, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი არადეკლარირებული თანხა იყო. მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი აცხადებდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აზერბაიჯანიდან მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული და აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.