კოალიცია  „განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს  განცხადება

კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“-ს განცხადება

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემასთან დაკავშირებით

კოალიციაში  „განათლება ყველასათვის - საქართველო“ გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ  განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების რეფორმის ინიციატივას.

დარწმუნებულები ვართ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი საფუძველს უყრის თვისობრივად ახალ, თანამედროვე და კომპლექსურ მოდელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა მოტივირება, პროფესიული კვალიფიკაციის ზრდა, პროფესიაში ახალი, ნიჭიერი კადრების მოზიდვა და, ზოგადად, მასწავლებლის სოციალური სტატუსისა და პროფესიის იმიჯის ამაღლება.

ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი სქემა გულისხმობს სკოლის ბაზაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას და განვითარებას. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს  სკოლის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებას.

ყოველივე ეს ცალსახად მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისათვის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის.

ვფიქრობთ, რომ აღნიშული რეფორმა დაგვიანებულიც კი არის და აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მისი გადაუდებელი და შეუფერხებელი განხორციელება.

იმედს ვიტოვებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაღალპროფესიონალურ დონეზე დაიწყებს სქემის დანერგვას, რაც გულისხმობს მისი განხორციელების ჯეროვან მონიტორინგს, პერიოდულ შეფასებასა და გამოვლენილი ხარვეზების გაუმჯობესებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარიმართება გამჭირვალედ, ყველა დაინტერსებული მხარე იქნება სათანადოდ ჩართული და ინფორმირებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, თავად პედაგოგთა საზოგადოება და, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ყველა მხარეს მოვუწოდებთ გაერთიანდეს მთავარი მიზნის ირგვლივ, რომლისკენაც მიმართულია ეს ცვლილება.